Sunday, March 18, 2012

ოცნებები

      ვფიქრობ,ყველა ადამიანს აქვს გარკვეული მიზანი ცხოვრებაში.სანამ პატარები ვართ,ოცნებებიც მცირე გვაქვს.პატარა ბავშვს სურს ახალი,ლამაზი სათამაშო,რომელსაც მაღაზიაში ხედავს ან ახალი თოჯინა,რომელიც მის მეგობარს აქვს.ჩვენ,ნელ-ნელა ვიზრდებით და  თანდათან იზრდება ჩვენი ოცნებებიც,მიზნები და მისწრაფებები.ზოგი ოცნებობს გამოიცნოს ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო და იპოვოს ჩაძირული ატლანტიდა,ზოგი ცხოვრობს მხოლოდ ერთი ოცნებით,რომ შექმნას უნიკალური სამკურნალო წამალი ყველანაირი ავადმყოფობისთვის და მარადიული ახალგაზრდობის ელექსირი.ზოგიც, მოგზაურობაზე და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებზე.
 
     თუმცა,ადრე თუ გვიან ჩვენ ვიზრდებით და ვიწყებთ ფიქრს მომავალ პროფესიაზე. და სწორედ ამ დროს,ჩვენი მისწრაფებები ხდება  განსაზღვრული და გონივრული.
ჩემი აზრით,ადამიანი თუ არ დანებდება,თუ ის გადაწყვეტს მტკიცედ მიჰყვეს თავის ოცნებებს,ის აუცილებლად დატოვებს თავის კვალს დედამიწაზე და სულაც არ არის აუცილებელი მისი სახელი ისტორიაში შევიდეს.სამაგიეროდ,ის უშედეგოდ არ იცხოვრებს, რადგან ადამიანებისთვის სარგებელს და სიხარულს მოუტანს.

     ფრანგმა მწერალმა - ფრანსუა ანატოლ ტიბომ თქვა: " ოცნება გაცილებით ძლიერია, ვიდრე რეალობა,ვინაიდან ოცნება თავად უზენაესი რეალობაა".
ჩემი აზრით,ცხოვრება ოცნების გარეშე უინტერესო და მოსაწყენი გახდება,ოცნება ყველას უნდა შეეძლოს.ხშირად ოცნება,ეს არის სურვილი მივაღწიოთ რაიმე დიდს,დიადს და ნათელს.მაგრამ როგორ გავაკეთოთ ეს,ამის მკაფიოდ წარმოდგენა ძნელია.
 
     არ მინდა ვთქვა,რომ მე არ წარმომიდგენია ჩემი მომავალი...წარმომიდგენია...21 წლის ვარ,მაგრამ ჯერ ვერ გამირკვევია რა მინდა... უცნაურია,მაგრამ ასეა.ამ ეტაპზე მე მაინტერესებს ყველაფერი ახალი,მინდა ბევრი რამე ვისწავლო და გავხდე საინტერესო პიროვნება.ვცდილობ,ვიყო სასარგებლო ნებისმიერ სიტუაციაში და არ დავკარგო არცერთი წუთი.
 
P.S. ზოგჯერ საკუთარ თავში იმდენ ძალისხმევას და ენერგიას ვგრძნობ,რომ მგონია ყველაფერს შევძლებ.

Thursday, March 15, 2012

დედა ტერეზა - ფაქტები და ციტატები

      მას ჯერ კიდევ სიცოცხლეში თვლიდნენ წმინდანად,მაგრამ ოფიციალურად მხოლოდ სიკვდილის შემდეგ აღიარეს. აგნეს გონჯა ბოიაჯუ - დედა ტერეზას ნამდვილი სახელი და გვარია.დაიბადა 1910 წლის 26 აგვისტოს,მაკედონიაში.მისიონერთა ცხოვრებით გატაცებულმა აგნესმა 12 წლის ასაკში გადაწყვიტა,თავი რელიგიისთვის მიეძღვნა.18 წლის იყო,როცა ჩაირიცხა ირლანდიურ-კათოლიკურ ორდენში - "ლორეტის დების კონგრეგაცია". ეს ორგანიზაცია მისიონერულ მოღვაწეობას ინდოეთში ეწეოდა.ამის შემდეგ მას დედა აღარ უნახავს.ორდენმა კალკუტაში "წმინდა მარიას ქალთა სკოლაში" გაგზავნა სასწავლებლად.21 წლის იყო,როცა მონაზონი გახდა.სახელად ტერეზა აირჩია წმინდა ტერეზა ლიზიელის პატივსაცემად.ეს წმინდანი მისიონერების მფარველად ითვლება.
      დედა ტერეზა მკურნალობდა ყველა ეროვნების ,რასის და განსხვავებული სარწმუნოების ხალხს.ასწავლიდა ღარიბ ბავშვებს და ავადმყოფებს მოსავლელად სახლში აკითხავდა.უვლიდა კეთროვანებსაც,რასაც იმ დროს ალბათ,ძალიან ცოტა ადამიანი თუ გაბედავდა.ორგანიზაციის საქმიანობა მალე გასცდა ინდოეთის ფარგლებს და მსოფლიოსთვის დედა ტერეზა სიკეთის სიმბოლოდ იქცა. დედა ტერეზამ საქმიანობა გააფართოვა.დაარსა ახალი თავშესაფარი შიდსით დაავადებულთათვის,მსუბუქი ყოფაქცევის ქალებისთვის და ობოლი ბავშვებისთვის.მიაჩნდა რომ ყველაზე ღარიბი ის იყო,ვისაც პატრონი არ ჰყავდა და ვისაც არავინ იცნობდა.განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენდა იმ ქალების მიმართ,ვინც აბორტს იკეთებდა.

      ჯერ კიდევ სიცოცხლეში მას უამრავი ჯილდო გადასცეს.მიენიჭა ნობელის პრემია,რომელიც "ღატაკთა სახელით" გადასცეს.ამ ადამიანებს მთელი სიცოცხლე შესწირა. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მისი სახელი ეწოდება ტაძრებს,ქუჩებს,ჰოსპიტალებს,სკვერებს. დედა ტერეზა 1997 წლის 5 სექტემბერს გარდაიცვალა.

      გთავაზობთ დედა ტერეზას ცნობილ გამონათქვამებს :    
  • თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა გვიყვარდეს,უნდა ვისწავლოთ პატიება.
  • თუ არ შეგიძლია დააპურო ასი ადამიანი,ერთი მაინც გამოკვებე.
  • ნუ განსჯი ადამიანებს,აღარ დაგრჩება დრო მათი სიყვარულისთვის.
  • ჩვენ ყველა ვართ ფანქრები უფლის ხელში.
  • ყველაზე დიდი უბედურება არის არა შიმშილი და ჭლექი,არამედ განცდა იმისა,რომ ადამიანი ზედმეტია და მას არავითარი ფასი არა აქვს.
  • ჩვენთვის არ არსებობს განსხვავება ეროვნებაში,რელიგიაში და კანის ფერში.ყველა ადამიანი ღვთის შვილია.ყველა იმსახურებს ჩვენს დახმარებას,ყველა შექმნილია,რათა უყვარდეს და უყვარდეთ.
  • ქველმოქმედება არის დიდი ძალა,რომელიც აახლოებს  და ამეგობრებს ადამიანებს.
  • ადამიანები სულელები,ალოგიკურები და ეგოისტები არიან.არა უშავს,შეუნდეთ მათ.
  • რასაც თქვენ აშენებდით წლობით,ის შეიძლება ერთ წუთში დაინგრეს.არა უშავს,აშენეთ.

Monday, March 12, 2012

რა არის ბედნიერება?

        რა არის ბედნიერება? - ამ კითხვაზე ყველა ადამიანს თავისებური პასუხი გააჩნია.
მაგალითად,თავდაპირველად პატარა ბავშვისთვის ბედნიერება - დედის ღიმილი და ხმის გაგონებაა.შემდეგ,ბედნიერება არის მისი პირველი ნაბიჯები ცხოვრებაში,სიხარულის განცდა,რომელიც წარმატებებს მოჰყვება.
        საერთოდ,მე ვფიქრობ,რომ ყველაზე ბედნიერები მსოფლიოში არიან - ბავშვები.მათ ყველაფერი ახარებთ,რასაც ირგვლივ ხედავენ : მშობლები,მზე,ყვავილები...
ზოგჯერ ხდება ისე,რომ ცხოვრობს ადამიანი და მას ყველაფერი გააჩნია : ფული,ძალაუფლება,მანქანა,მაგრამ მაინც რაღაცის ნაკლებობას განიცდის.იქნებ ეს ბედნიერებაა?! გამოდის,რომ ბედნიერება არ არის მატერიალური ღირებულება. მახსოვს, ადრე წავიკითხე ნოველა - "ბედნიერების ფერი", რომელშიც,მთავარი გმირი იჯერებს დედის მიერ მოთხრობილ ლეგენდას ბედნიერების ყვავილის არსებობის შესახებ და მის მოსაძებნად მიდის,მაგრამ უშედეგოდ.თუმცა, მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე მიხვდება,რომ ბედნიერება - ეს არ არის ყვავილი,ის არ შეიძლება მოწყვიტო,დაიჭირო და აღარ გაუშვა...
 
 
   პირადად ჩემთვის,ბედნიერება - ეს არის ჩემი ოჯახი,ჩემი მეგობრები.მე ბედნიერი ვარ,რომ არსებობენ ადამიანები,რომლებსაც მე ვუყვარვარ და რომლებიც მე მიყვარს. ბედნიერება,ჩემთვის არის კარგი განწყობა,სასიამოვნოდ გატარებული დრო,წუთი თუ წამი...
      ზოგჯერ ისე ხდება,რომ ვერც კი ვამჩნევთ  ბედნიერ მომენტებს ჩვენს ცხოვრებაში.ეს კი არასწორია.ჩვენ უნდა შევძლოთ მათი პოვნა და შევიგრძნოთ ასეთი მომენტები.ვინაიდან,სწორედ ამ პატარა,ბედნიერი მომენტებით არის აწყობილი ჩვენი ცხოვრება.


Saturday, March 10, 2012

აგატა კრისტი

       დეიმ აგატა მერიკ კლარისა მილერი 1890 წლის 15 სექტემბერს ინგლისის პატარა ქალაქ - ტორკში დაიბადა.მშობლებს აგატამდე ორი შვილი - მეჯი და მონტი ჰყავდათ.მეჯი ბავშვობაში მხიარულ მოთხრობებს წერდა,ამიტომ ერთ დღეს აგატამ დის მიბაძვით გადაწყვიტა,მწერალი გამხდარიყო.თუმცა არ გაუმართლა.პირველი ჩანახატი ძალიან საშიში და თავზარდამცემი გამოუვიდა.ტრადიციულმა მშობლებმა მისი წაკითხვის   შემდეგ პატარა აგატას წერა აუკრძალეს.
       მართალია,წერას თავი დაანება,მაგრამ არაორდინალური აგატა სულელურ თამაშებს იგონებდა .ოჯახის ახლობლებიდან ყველაზე მახინჯ მამაკაცს არჩევდა და აუქციონს აწყობდა,თუ ვინ უნდა გამხდარიყო მისი ქმარი :)) ოჯახი ამ თამაშზე ბევრს ხალისობდა. აგატას მამა მალე გარდაეცვალა და ოჯახი იძულებული გახდა,ხარჯების შესამცირებლად საცხოვრებლად ქაიროში გადასულიყო.
      მომავალი მწერალი გაიზარდა,მაგრამ ძალიან მორცხვ გოგონად ჩამოყალიბდა.ბევრ ხალხში ყოფნა უჭირდა და ერთხელ სკოლაში,როდესაც სცენაზე იდგა,გული წაუვიდა. როდესაც ქაიროში ომი დაიწყო, ახალგაზრდა აგატამ წითელი ჯვრის ჰოსპიტალში დაიწყო მუშაობა.მალე მფრინავი - არჩიბალდ კრისტი გაიცნო და მალე ჯვარიც დაიწერეს.ჰოსპიტალში მუშაობის შემდეგ ფარმაცევტობას მიჰყო ხელი და აფთიაქში მოეწყო.სწორედ იქ მიღებული ცოდნა დაეხმარა ,რომანების წერაში. აგატამ ჟანრად დეტექტივები აირჩია.თუმცა დღემდე არავინ იცის,ამ ამბებს იგონებდა თუ რეალური ისტორიებიდან იღებდა.აგატას და არჩიბალდს მალე ქალიშვილი - როზალინდა შეეძინათ.
      აგატას მიერ შექმნილი გმირი, მუსიე პუარო,ნელ-ნელა პოპულარული ხდებოდა,მაგრამ მეუღლეს საერთოდ არ აინტერესებდა ცოლის სამწერლო მოღვაწეობა.აგატა თანდათან ხვდებოდა,რომ გაყრა გარდაუვალი იყო.ერთ დღეს,უკვე მწერალი აგატა კრისტი გაქრა.მანქანა,რომლითაც მწერალი გაიქცა,პოლიციამ მიტოვებული იპოვა.ეს გატაცების და სიკვდილის ინსცენირებას ჰგავდა.მეუღლის მკვლელობისთვის არჩიბალდი ორჯერ დაკითხეს,თუმცა გვამი არსად ჩანდა.ყველაფერი ბურუსით იყო მოცული,როდესაც ორი კვირის შემდეგ  ნენსი ნილის (ქმრის საყვარელი) სახელით დარეგისტრირებული მწერალი ერთ-ერთ სასტუმროში იპოვეს.აგატამ ამნეზია მოიგონა.მკვლევარები ამბობენ,რომ სინამდვილეში მან ყოფილი მეუღლე გაამწარა და მცირე ხნით თავი დამნაშავედ აგრძნობინა.მწერლის ახალი რომანი "როჯერ ეკროიდის მკვლელობა" ამ ამბის შემდეგ დიდი ტირაჟით გაიყიდა.

      აგატა კრისტი დამოუკიდებელი ქალი გახდა,მაგრამ დეპრესიას ვერ იშორებდა.აგატა შუმერული ცივილიზაციის მთავარი ქალაქის - ურას,არქეოლოგიურ გათხრებზე მიიწვიეს.მოგზაურობის დროს აგატამ მასზე 15 წლით უმცროსი მეცნიერი - მაქს მელოუენი გაიცნო და მალე მეორედ შექმნა ოჯახი. კრისტის ბედნიერება ყველას აოცებდა და ხშირად ეკითხებოდნენ,როგორ გრძნობდა თავს ახალგაზრდა ქმართან. აგატა კი პასუხობდა : "ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო  საინტერესო ვხდები ჩემი მეუღლისთვის".
     აგატა კრისტი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.ის ცნობილია, იუმორის განსაკუთრებული გრძნობით და მოსწრებული სიტყვა-პასუხით.


  • მე მიყვარს სიცოცხლე და ვიცი , რომ თვით ყველაზე მძიმე  გამოცდასაც კი შემოაქვს მასში რაღაც კარგი. 
  • ილუზია,თითქოს ქალს ნებისმიერი არამზადის რაინდად გადაქცევა შეუძლია, ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ილუზიაა ქალისთვის.
  • ძალიან დამღლელია იმ ადამიანთან ურთიერთობა,რომელიც ყოველთვის მართალია.
  • დამსხვრეულ ჭურჭელს ბედნიერება მოაქვს,მაგრამ მხოლოდ არქეოლოგებისთვის.
  • ცხოვრება გაბმული ხუმრობაა.ბოლოს კი სიკვდილი იცინის.
  • იქ სადაც საუბარი დიდ ფულზეა,ძალიან გონივრულია,თუ არავის არ ენდობი.
  • რომელი წუთები იყო ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ,ძალიან გვიან მიხვდები.

Friday, March 9, 2012

პაულო კოელიო - "ალქიმიკოსი"

        პაულო კოელიო - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და საყვარელი მწერალია. ყველაზე დიდი წარმატება კოელიოს მოუტანა რომანმა "ალქიმიკოსი",რომლის გამოსვლის შემდეგ,კოელიო გახდა ყველაზე წაკითხვადი  თანამედროვე მწერალი.კრიტიკოსები მიიჩნევენ,რომ კოელიოს ასეთი წარმოუდგენელი წარმატება აიხსნება მისი წიგნების სიბრძნით და სიმარტივით.

       "ალქიმიკოსი" - ეს არის ფილოსოფიური ზღაპარი ახალგაზრდა მწყემსის მოგზაურობაზე. მწყემსი,სახელად -  სანტიაგო,მიემგზავრება ეგვიპტეში თავისი საგანძურის საპოვნელად.წინ მას დიდი გზა აქვს გასავლელი.ის პოულობს საგანძურს და შეიცნობს საკუთარ თავს.
       წიგნის მთავარი აზრი მდგომარეობს შემდეგში : იმ გზებს,რომლებისკენაც ჩვენ,ადამიანები ვილტვით, მივყავართ ამოუცნობ სამყაროში.მომლოცველები, მოგზაურობა - ეს არის საუკეთესო საშუალება,რომ გავეცნოთ საკუთარი თავის იმ მხარეებს,რომლებიც ხშირ შემთხვევებში სიკვდილამდე ამოუცნობი რჩება ჩვენთვის.  
ჩვეულებრივი ცხოვრება, როდესაც უკვე ყველაფერი ნაცნობი და გასაგებია, - ეს არის არსებობა,სადაც ყოველი მხრიდან კედლებია აღმართული,რომლებიც გვზღუდავენ სხვადასხვა საკითხებში.მოგზაურობა კი,ეხმარება ადამიანს,რომ გადალახოს ეს კედლები. კედლები,რომლებიც არა მარტო ჩვენს გარეთ,არამედ ჩვენს შიგნითაც არიან.როდესაც ისინი ქრებიან,შენ მოულოდნელად აღმოჩნდები შენთვის აქამდე უცნობ - "საკუთარი სულის ოკეანეში".

      როდესაც მოგზაურობ  - შენ უნდა ენდო ხალხს,ვინაიდან ამ დროს ხდები ხალხზე დამოკიდებული.მოგზაურობის დროს ,შენ ისეთივე დაუცველი ხდები,როგორც პატარა ბავშვი.შენ არ ფლობ არანაირ ინფორმაციას და ვერც კი წარმოიდგენ სად დგამ ნაბიჯს. საბოლოოდ კი,იძულებული ხდები,რომ კონტაქტში შეხვიდე უცნობ ხალხთან,წინააღმდეგ შემთხვევაში კი,შენ დაუბრუნდები საკუთარ მარტოობას.
     ეს არის ფილოსოფიური ზღაპარი ცხოვრებაში საკუთარი გზის ძიების შესახებ.   ზოგადად,წიგნი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.პირადად მე, დიდი თაყვანისმცემელი ვარ პაულო კოელიოს შემოქმედების და დიდი სიამოვნებით წავიკითხე მისი წიგნები. "ალქიმიკოსიდან" რამდენიმე ფრაზა განსაკუთრებით დასამახსოვრებელი გახდა ჩემთვის.

  •  ცხოვრება სწორედ იმით არის საინტერესო,რომ შეიძლება ყველა შენი სიზმარი ახდეს.
  • დაიმახსოვრე: როცა გულით გწადია რაღაც,მთელი სამყარო გეხმარება სურვილის ასრულებაში.
  • მზერაში სულის სიძლიერე სჩანს.
  • იქნებ უდაბნო ღმერთმა იმიტომ შექმნა,რომ ადამიანმა ხეებს გაუღიმოს.
წიგნი ავტორის ფილოსოფიას ავლენს ცხოვრებასთან მიმართებაში.იმ ფილოსოფიას, რომელიც მან აღმოაჩინა საკუთარ თავში,წლების განმავლობაში. უნდა ავღნიშნო,რომ პაულო კოელიოს ფილოსოფია ჩემთვის ძალიან უჩვეულო და საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
დარწმუნებული ვარ,რომ ნებისმიერი ვინც ამ წიგნს წაიკითხავს,აუცილებლად   შეძლებს იპოვოს რაღაც განსაკუთრებული საკუთარი თავისთვის.

Wednesday, March 7, 2012

მარტოობა

       ყველა ადამიანს  აქვს ისეთი პერიოდი,როდესაც მარტო ყოფნა სჭირდება.რა უნდა ვქნათ მაშინ,როდესაც მარტოობა იძულებითი ხდება,შენ გინდა ურთიერთობა,მაგრამ სხვები გაქცევენ ზურგს და შენი ოთახი ციხის საკნად გექცევა?!

       მარტოობა ორნაირია - როდესაც მარტო დარჩენა გვინდა,ეს ნორმალურია,მაგრამ ზოგს საკუთარ თავთან დასარჩენად რამდენიმე საათი ჰყოფნის,ზოგს რამდენიმე დღე სჭირდება.ეს პერიოდი თითოეულმა ჩვენგანმა შეგვიძლია ნაყოფიერად გამოვიყენოთ : გადავხედოთ განვლილ დღეებს,გავაცნობიეროთ შეცდომები,დავისახოთ გეგმები ან უბრალოდ წიგნი წავიკითხოთ და მუსიკას მოვუსმინოთ.
მარტოობა კარგია ,თუ ამას თვითონ ვირჩევთ.ხშირად ეს ხსნადაც ევლინება ადამიანს, მაგრამ თუ საზოგადოებაში თავს ზედმეტად გრძნობ,ადგილს ვეღარ პოულობ და ყველამ გაგრიყა,მაშინ ეს უკვე პრობლემაა.

       ვინ არის დამნაშავე? - როგორც ვიცით,კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს.თუ შენთან ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უნდათ კონტაქტი და ასე ბევრი ადამიანი იქცევა, ე.ი. პრობლემა შენშია და არა მათში.მარტოსულად შეიძლება ობიექტური მიზეზების გამოც ვგრძნობდეთ თავს.მაგალითად თუ შენი საუკეთესო მეგობარი სხვა ქალაქში გადავიდა,ან სერიოზული ჩხუბით დაშორდით...ამ დროს ძალიან მწვავედ იგრძნობა მარტოობა.

       რა არის სოციოფობია? - ეს დაავადება არის საზოგადოებისადმი შიში,თანაც ძალიან ძლიერი და აუხსნელი.იგი სხვადასხვანაირად ვლინდება.ზოგიერთ სოციოფობს პუბლიკის წინაშე გამოსვლის ეშინია,ზოგს საზოგადოებრივი ტუალეტით სარგებლობის,ზოგს კი - საპირისპირო სქესის.აქტიურობის გამოვლენის ნებისმიერი მცდელობა კრახით სრულდება.  ადამიანი თითქოს პარალიზებულია და თავს ვერაფერს უხერხებს.

     როგორ ვებრძოლოთ სოციოფობიას?  
  • აუცილებელია იმ ფიქრების გამოვლენა და დადგენა,რაც შფოთვას იწვევს.მაგალითად ,შენ ფიქრობ,რომ თუ ხალხში რამეს იტყვი,ისინი დაგცინებენ.ასე არ არის.
  • აიძულე საკუთარი თავი ჩაება საუბარში.გამიყენე ნებისმიერი შემთხვევა,რომ საუბარში ჩაერთო.რამდენიმე სიტყვა მაინც თქვი,ეს დუმილს მაინც სჯობს.
  • ხშირად იარე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ,მაშინაც კი თუ ეს არ გსიამოვნებს.იარე მაღაზიებში,კინოში,დაბადების დღეებზე,კაფეში...
შიში თანდათან აუცილებლად გაივლის.

Monday, March 5, 2012

ჯია მარია კარანჯი - ტრაგედიად ქცეული პოდიუმი

       ჯია კარანჯი,რომელიც ქვეყანას 1960 წელს მოევლინა, 70-80 -იანი წლების ყველაზე ცნობილი  მოდელი იყო. თავისი თაობის ყველაზე ცნობილი ბისექსუალი და სკანდალური სუპერმოდელი შიდსით დაიღუპა. მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ შესანიშნავად შეძლო მისი განსახიერება და ამისთვის "ოქროს გლობუსიც" მიიღო.
      ჯია კი...ჯია იმ სურათებს,ვიდეო-ჩანაწერებს და მასზე დაწერილ რამდენიმე წიგნს შერჩა,სადაც ასე შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.


      ჩვიდმეტი წლის გოგონა ნიუ-იორკში გადაბარგდა და სულ მალე იქცა პოპულარულ მოდელად.ის მოდის სამყაროს ბევრი ფოტოგრაფის საყვარელი მოდელი იყო. გეი  კლუბები - გარდატეხის ასაკში, "studio 54" და "mad club" მოზრდილობისას,უკვე ნიუ-იორკში ცხოვრებისას - ეს მოდელის ჩვეული დასასვენებელი ადგილები იყო.
      ჯიამ სხვებს დაასწრო,მოდელების შემდგომი თაობის ვარსკვლავებს,მათ შორის სინდი კროუფორდს.ჯია ერთ-ერთი პირველი იყო,რომელმაც ტიტული "სუპერმოდელი" მოირგო. ნარკოტიკებზე დამოკიდებულება საკმაოდ ცუდად აისახა მოდელის გარეგნობაზე.მოდის ბიზნესს აღარ სჭირდებოდა ნარკოტიკებისგან  სახეშეცვლილი მოდელი.სწორედ ამიტომ ვეღარ ჩნდებოდა ჯია "ვოგის" და სხვა ჟურნალების ყდებზე.
      მთავარ ექიმს  ძალიან გაუჭირდა მისთვის დიაგნოზი ეთქვა.ეს იყო - aiv -ინფექცია.მაშინ შიდსის ვირუსი ახალი აღმოჩენილი იყო და როგორც ბევრგან,ჯიამ აქაც "მოინდომა პირველობა".დიაგნოზის დასმიდან რამდენიმე თვეში ჯია საავადმყოფოში აღმოჩნდა.მოდის სამყარომ ის მიატოვა.თუმცა ვიღაცეებს მაინც ახსოვდათ, საავადმყოფოსთან იდგნენ და გამუდმებით მოითხოვდნენ მის ნახვას.
      გარეთ შემოდგომა იდგა.ეს ბოლო დღე იყო ჯიას ცხოვრებაში.ბოლო წუთებში მის გვერდით მხოლოდ დედა იყო.

      ჯია ახალგაზრდა იყო ... სულ რაღაც,ოცდაექვსი წლის...

P.S. ვისაც არ გაქვთ ნანახი ფილმი, ყველას გირჩევთ უყუროთ.